03 ივლისი, 2014
„თბილისის ეკონომიკური პოტენციალის უმოკლეს ვადებში მაქსიმალურად გასაზრდელად ჩვენ დავიწყებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დავხარჯავთ 100 მლნ ლარს, 10-10 მლნ-ს თითოეულ რაიონში, ხელს შევუწყობთ ახალი ბიზნესის წამოწყებას, მოვიზიდავთ ახალ ინვესტიციებს, განვავითარებთ ტურიზმს. თბილისში შეიქმნება ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი და დავამარცხებთ ჩვენს მთავარ კონკურენტს - უმუშევრობას“ - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დღეს „კავკასიის ავტოსერვისში“ სტუმრობისას. „ჩვენი მთავარი მიზანია, თბილისი ვაქციოთ რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად, რომლის შედეგადაც მოხდება ინვესტიციების მოზიდვა, გამოცოცხლდება ეკონომიკა, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ეს ყველაფერი კი გააჯანსაღებს ქალაქს და შექმნის ყველა პირობას, რომ თბილისი გახდეს „სოლიდარული ქალაქი“ - აცხადებს დავით ნარმანია.
“ჩვენ დავუბრუნებთ თბილისს ამ ისტორიულ ფუნქციას და ევროპაში დავბრუნდებით ჩვენი ტრადიციული როლით - „თბილისი - რეგიონის ხიდი ევროპასთან“. ამის შანსს ჩვენ რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ევროპული მენტალიტეტი და ღიაობა, მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი კულტურა, ბიზნესის წამოწყებისა და საქმიანობის ხელსაყრელი გარემო გვაძლევს. ჩვენ განვავითარებთ რეგიონულ ტურიზმს - რეგიონის ტურისტული ქალაქების ერთიან ტურისტულ პაკეტში გაერთიანებით თბილისის სტუმარს რეგიონის სტუმრად ვაქცევთ. ავაშენებთ „თბილისის ინვესტიციების ცენტრს“, რომლის ძირითადი ფუნქცია იმ უპირატესობების ოპტიმალური გამოყენება იქნება, რასაც საქართველოს ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მოუტანს (ადგილობრივი მოსახლეობის ბიზნესის წახალისება და განვითარებაში ხელშეწყობა, აწარმოე თბილისში - გაყიდე ევროპაში, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ქართული პროდუქციის რეკლამირება და მისი რეალიზაციის ხელშეწყობა დაძმობილებულ ქალაქებში).“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.